რეჟიმი, რომელსაც ეშინია ტროტუარზე მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების, თავადვე ადასტურებს თავის არალეგიტიმურობას, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ფედერალისტების” განცხადებაში.
„რეჟიმი, რომელსაც ეშინია ტროტუარზე მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების, თავადვე ადასტურებს თავის არალეგიტიმურობას.
მისი გახრწნილი სასამართლო, რომელმაც დღეს ტროტუარზე შეკრებისთვის მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, აღასრულებს არა კანონს, არამედ ამორალურ, უკანონო რეპრესიებს.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, ხოლო საჯარო სივრცე ქართველი ხალხის საკუთრება და არა ივანიშვილის და მისი კრიმინალური რეჟიმის.
ვერცერთი კანონი, ვერცერთი სასამართლო, ვერცერთი პატიმრობა ვერ წაშლის მოქალაქეთა უფლებას, გააპროტესტონ და იბრძოლონ არალეგიტიმური, უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ.
დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქუჩაში პროტესტის გარეშე, რეჟიმი მოქალაქეებს წაართმევს ყველაფერს, რისთვისაც 35 წლის წინ დამოუკიდებელი სახელმწიფო დავაფუძნეთ.
რომ მას არ შეაკავებს არაფერი, იმ ძალის გარდა, რომელსაც ქუჩაში მოქალაქეების ერთიანობა ქმნის.
დიდება თავისუფლებას!”, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სასამართლომ, დღეს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად რამდენიმე მომიტინგე ცნო. კერძოდ, ტროტუარზე დგომის ფაქტზე მიხეილ ზაქარეიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ლუკა ნაგლიაშვილს - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა აქტივისტ ანი ახმეტელს, რომელიც ასევე სამართალდამრღვევად ცნეს.