პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებებს.
„2026 წლის 23 იანვარს, ივანიშვილის მორჩილმა სასამართლომ, პირველად თავის ისედაც არც თუ სასახელო ისტორიაში, რამდენიმე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა. სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს - სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას, ნუკრი კაკულიას 4-4 დღით, ხოლო მიხეილ ზაქარეიშვილს და ლუკა ნაგლიაშვილს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ტროტუარზე დგომის გამო. გადაწყვეტილებები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მაკარაძემ და სანქცირებულმა მოსამართლეებმა - მანუჩარ ცაცუამ და ზვიად ცეკვავამ მიიღეს.
მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლემ - თორნიკე კაპანაძემ სამოქალაქო აქტივისტი რეზი დუმბაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა პატიმრობის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა. სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა სასამართლომ ასევე ანი ახმეტელის (მოსამართლე ზვიად ცეკვავა) და ნათია ჭავჭანიძის (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა) შემთხვევებშიც.
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ტროტუარზე დგომისთვის ადმინისტრაციულ სახდელად პირველ ჯერზე 15 დღემდე პატიმრობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივ სასჯელად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, “ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა 2025 წლის 10 დეკემბერს დაამტკიცა. ნიშანდობლივია, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას - შეკრების თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად აუქმებს, ე.წ. პარლამენტმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს მიიღო.
ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე.
საქართველომ უკვე არაერთი საქმე წააგო სტრასბურგის სასამართლოში სწორედ შეკრების თავისუფლების დარღვევის გამო. მაგალითისთვის, სულ ახლახან გამოქვეყნდა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დამრღვევად იქნა ცნობილი.
მოსამართლეებს, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანეს ან მომავალში გამოიტანენ ვერასდროს ექნებათ გამართლება. მათი არგუმენტები, რომ “ასეთია კანონი“ ვერასდროს იქნება გაზიარებული, როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და მრავალი საერთაშორისო კონვენცია, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო.
გარდა იმისა, რომ მათ შეეძლოთ შეეწყვიტათ საქმე სამართალდარღვევის არარსებობის გამო, ასევე შეეძლოთ საქმის განხილვა შეეჩერებინათ და შესაბამისი წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ, როგორც ამას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს. სწორედ ასე მოიქცა მათი კოლეგა ვლადიმერ ხუჭუა, რისთვისაც ის საზოგადოების პატივისცემას იმსახურებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს და კვლავაც დაიცავს ყველა იმ პირის უფლებას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, ვისი უფლებებიც, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების ჩათვლით, სახელმწიფომ უკანონოდ შელახა. მომჩივნების სურვილის შემთხვევაში, საჩივრებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიტანთ“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.