აქციის მონაწილე ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ, ტროტუარზე დგომას და მოქალაქეებისთვის გზის შეფერხებას ედავებოდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ზვიად ცეკვავამ მიიღო.
როგორც მან პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრობის შემთხვევაშიც, აქციაზე ყოფნას მაინც გააგრძელებდა.
„ველოდები, რომ მომისჯიან. ალბათ, მინიმუმ 4 დღეს, როგორც სხვა თანამოქალაქეებს. არ მაქვს არანაირი შიში. თანადგომა სხვა პატიმრებს, ვინც დღეს უკვე დააკავეს. რა თქმა უნდა, ეს არ შემიშლის ხელს. 4-დღიანი ან 15-დღიანი პატიმრობა რომ მომისაჯონ, მაინც გამოვალ და მაინც დავდგები ტროტუარზე. თუ ეს დანაშაულია, მე მაინც ისევ იმ ადგილას ვიდგები. დრაკონული კანონია ესეც იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ და განსხვავებული აზრი ჩაახშონ“, - განაცხადა ლუკა ნაგლიაშვილმა.