აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა, თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა ჯოშ გრუნბაუმმა და ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა - ხუთშაბათს, 22 იანვარს, გვიან საღამოს, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რათა კიდევ ერთხელ განეხილათ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის დასრულების შესაძლო გზები.
კუშნერს, რომელიც ტრამპის უფროსი მრჩევლის თანამდებობას 2017 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე იკავებდა, ამჟამად აშშ-ის ადმინისტრაციაში ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, თუმცა ის ინარჩუნებს გავლენას სიმამრზე და მონაწილეობს თეთრი სახლის დიპლომატიურ და პოლიტიკურ ინიციატივებში.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი სამ საათზე ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. რუსეთს წარმოადგენდნენ პუტინი, მისი თანაშემწე იური უშაკოვი და კირილ დმიტრიევი, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც იუწყებიან, შეხვედრის მთავარი შედეგი იყო რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით აბუ დაბიში სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩატარების შესახებ შეთანხმების მიღწევა.
სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა აბუ დაბიში 23 იანვარს გაიმართება.
უშაკოვის ინფორმაციით, რუსული დელეგაციის შემადგენლობა უახლოეს საათებში გაემართება აბუ დაბისკენ. მისივე თქმით, დელეგაციას სათავეში უდგას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უფროსი, ადმირალი იგორ კოსტიუკოვი.