აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა ცერემონიაზე დონალდ ტრამპის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ამიერიდან „მშვიდობის საბჭო“ ოფიციალური საერთაშორისო ორგანიზაციაა. ამის შემდეგ „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი მოაწერეს დამსწრე ქვეყნების ლიდერებმა.
„საბჭოს პოტენციალი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო გახდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის „მშვიდობის საბჭოს“ თავმჯდომარეობა დიდი პატივია.
მისი თქმით, საბჭოს კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი შეუერთდება.
ხელმოწერის ცერემონიალი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, დავოსში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლები – საუდის არაბეთიდან, კატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, არგენტინიდან, პარაგვაიდან, ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.