რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, დასავლეთის მიერ გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მილიარდი დოლარი გადასცეს აშშ-ის პრეზიდეტ დონალდ ტრამპის ინიცირებულ მშვიდობის საბჭოს. ამის შესახებ პუტინმა ოთხშაბათს, 21 იანვარს, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დარჩენილი თანხები "შეიძლება გამოყენებულ იქნას საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ". პუტინს არ დაუკონკრეტებია, რომელ ტერიტორიებს გულისხმობს - მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს თუ კიევის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს.
მან ასევე უარი განაცხადა კომენტირებაზე, მზად არის თუ არა მოსკოვი, დაეთანხმოს "მშვიდობის საბჭოს" წევრობას.
როგორც ტრამპი აცხადებს, ე.წ. „მშვიდობის საბჭო“ ღაზას სექტორის სამშვიდობო გეგმის მხარდასაჭერად შეიქმნა. თუმცა, ანალიტიკოსები, რომლებმაც მის წესდებას გადახედეს, აღნიშნავენ, რომ ამ ორგანოს უფლებამოსილებები შესაძლოა გაცილებით ფართო იყოს, რაც პოტენციურად მას გაეროს კონკურენტად აქცევს.
"მშვიდობის საბჭოს" წესდებას ხელი, სავარაუდოდ, 22 იანვარს, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ფარგლებში მოეწერება. "მშვიდობის საბჭოს" თავმჯდომარე დონალდ ტრამპი იქნება. მის აღმასრულებელ კომიტეტში, სხვა პირებთან ერთად, შევლენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი.