უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ამგარიშის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში უკრაინის წარმომადგენლები ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობენ.
„დღეს ჩვენი დელეგაციისგან ამერიკიდან მოვიდა ანგარიში. რუსტემ უმეროვმა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მომაწოდა.
მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა. ისინი მუშაობენ. მუშაობენ ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულმა გუნდმა სრულად აცნობოს ამერიკულ მხარეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და ჩვენს ენერგოსისტემაზე რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, უმეროვმა განაცხადა, რომ ის ორი დღის განმავლობაში შეერთებულ შტატებში მუშაობდა კირილო ბუდანოვთან და დავით არახამიასთან ერთად.
ამერიკული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობდნენ სტივენ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, აშშ-ის არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი და თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯოშ გრუენბაუმი.
„ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის გეგმა, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მათი განხორციელების პრაქტიკულ მექანიზმებზე ფოკუსირებით. ამერიკელ პარტნიორებს ვაცნობეთ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შესახებ.
ჩვენ შევთანხმდით, რომ დავოსში კონსულტაციების შემდეგ ეტაპზე გუნდურ დონეზე გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა უმეროვმა.