უგანდის მრავალწლიანმა მმართველმა, იოვერი მუსევენიმ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა, რითაც მას მეშვიდე ვადა გარანტირებული აქვს და 40-წლიან მმართველობას გააგრძელებს. ამის შესახებ The Telegraph იუწყება.
შაბათს, 17 იანვარს, საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ მუსევენიმ ხმების თითქმის 72% მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა, ყოფილმა პოპ მომღერალმა და ოპოზიციის ლიდერმა ბობი უაინმა, ამომრჩეველთა დაახლოებით 25%-ის მხარდაჭერა მიიღო.
ეს გამარჯვება მუსევენის, რომელიც ქვეყანას 40 წელია მართავს, საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი ვადით გააგრძელოს მმართველობა.
საარჩევნო პროცესი გამოირჩეოდა ფართომასშტაბიანი ძალადობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის სრული გათიშვით და ოპოზიციის მთავარი ფიგურის გატაცების შესახებ ინფორმაციით.
უაინის პარტიამ განაცხადა, რომ სამხედროებმა პოლიტიკოსის რეზიდენციაში შტურმით შეიჭრნენ, რის შემდეგაც ის სახლიდან „ძალით გაიყვანეს“ და ვერტმფრენით უცნობ ადგილას გადაიყვანეს.
მოგვიანებით უაინმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა, რომ გაქცევა მოახერხა. ოპოზიციონერის თქმით, ის ამჟამად მიმალვაშია, რადგან სიცოცხლის საფრთხე ემუქრება.
უგანდის პოლიციამ უარყო უანიის დაკავების ფაქტი და განაცხადა, რომ ის სახლიდან არ გამოსულა და რომ მისი საცხოვრებლის გარშემო შეიარაღებული ძალების ყოფნა აუცილებელია, რადგან ეს ტერიტორია „უსაფრთხოების ინტერესს“ წარმოადგენს.
საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, უაინის მხარდამჭერი აქციები მთავრობის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. დააპატიმრეს ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი.
ძალადობა საარჩევნო უბნების დახურვიდან პირველივე საათებში გაგრძელდა. ცენტრალურ უგანდაში პოლიციამ დაადასტურა შვიდი დაღუპულისა და სამი დაშავებულის სესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
იოვერი მუსევენი ხელისუფლებაში 1986 წელს მოვიდა. ათწლეულების განმავლობაში მმართველობის განმავლობაში მან შექმნა მკაცრი ვერტიკალური ძალაუფლების სტრუქტურა, რომელიც არმიასა და უსაფრთხოების სამსახურებს ეყრდნობოდა და თანმიმდევრულად გამორიცხავდა ნებისმიერ პოლიტიკურ კონკურენციას.
თავისი უვადო მმართველობის ლეგიტიმაციის მიზნით, მუსევენიმ ორჯერ წამოიწყო კონსტიტუციური ცვლილებები, რომლითაც გააუქმა ასაკობრივი შეზღუდვები პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის და თანამდებობაზე ყოფნის ვადების რაოდენობა.
მმართველობის ავტორიტარული სტილისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებების მიუხედავად, მუსევენი მოსახლეობის ნაწილის მხარდაჭერას ინარჩუნებს სამოქალაქო ომის წლების შემდეგ შედარებითი სტაბილურობის პერიოდის წყალობით. გარდა ამისა, ის დასავლეთის სახელმწიფოების ლოიალობით სარგებლობს, რადგან უგანდა სომალიში სამშვიდობო მისიებისთვის ჯარებს გზავნის და მეზობელი რეგიონებიდან მილიონობით ლტოლვილს იღებს.