კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ პეკინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობები ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე შეერთებულ შტატებთან.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ჩინეთი კანადისთვის უფრო პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორი, ვიდრე შეერთებული შტატები, კარნიმ უპასუხა, რომ ოტავასა და ვაშინგტონს შორის კავშირები „უფრო ღრმაა“, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა.
„ჩვენი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, და ეს არ არის აღმოჩენა, გაცილებით მრავალმხრივი, გაცილებით ღრმა და ფართოა, ვიდრე ჩინეთის შემთხვევაში. მაგრამ დიახ, ბოლო თვეებში ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, უფრო პროგნოზირებადი გახდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კარნიმ აღნიშნა, რომ კანადასა და ჩინეთს პეკინში გამართული მოლაპარაკებების დროს თანამშრომლობის შესახებ „გულწრფელი საუბარი“ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, კანადამ და ჩინეთმა ტარიფების შემცირების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმების მიხედვით, კანადა 2024 წელს შეამსუბუქებს ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებულ ტარიფებს, რომლებიც მან შეერთებულ შტატებთან ერთად დააწესა. სანაცვლოდ, ჩინეთი კანადის ძირითად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ტარიფებს შეამცირებს. გარდა ამისა, ახალი შეთანხმება ითვალისწინებს ჩინური ინვესტიციების განხორციელებას კანადურ ენერგეტიკასა და სამომხმარებლო საქონელში. თავის მხრივ, კანადა გეგმავს ინვესტიციების ჩადებას ჩინეთის აეროკოსმოსურ ინდუსტრიასა და მოწინავე წარმოებაში.
ეს კანადის მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტია ჩინეთში 2017 წლის შემდეგ.