უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ პარტნიორებისგან ახალი ორმხრივი ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტების, ასევე უახლოეს მომავალში გაძლიერებული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შესახებ განაცხადა.
„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მითითებების შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ჩვენს პარტნიორთან მუშაობს ენერგეტიკის სექტორის გასაძლიერებლად დამატებითი შენატანების მოსაზიდად.
ამ კვირაში ნორვეგიიდან უკვე მივიღეთ 200 მილიონი დოლარის ოდენობის დიდი პაკეტი გაზისა და აღჭურვილობის შესაძენად. მადლობა ნორვეგიელებს.
ახლო მომავალში სხვა პარტნიორებისგან ახალ ორმხრივ ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტებს ველით. ამ თემაზე სიახლეები ხვალ გვექნება“, - დაწერა მან Facebook-ზე.
სიბიჰას თქმით, „ასევე გზაშია საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერის დამატებითი ორმხრივი პაკეტები“.
„ხვალ ახალი განცხადებებიც იქნება. ბოლოს და ბოლოს, უკრაინის ენერგოსისტემისთვის საუკეთესო დახმარება ყოველი რუსული რაკეტა და დრონია, რომელიც სამიზნეს ვერ აღწევს.
პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს მითითებით, ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად, ჩვენ ვიწვევთ ენერგეტიკის რამშტაინს, სადაც ჩვენი მოკავშირეებისგან დამატებით წვლილსა და კონკრეტულ ვალდებულებებს ველით“, - ნათქვამია სიბიჰას განცხადებაში.
სიბიჰას თქმით, პარტნიორებთან უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდის შევსებასა და ფონდის სახსრებით აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებით მუდმივი კონტაქტია.
„ჩვენ სწრაფი ტემპით და საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენი პარტნიორებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა მივიღოთ რუსული ზამთრის ტერორის დაძლევისა და ჩვენი ენერგეტიკოსების მხარდაჭერის კუთხით. ისინი გმირები არიან, რომლებიც ახლა შეუძლებელს აკეთებენ - ამას აღიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, აღიარებს მთელი მსოფლიო“ - აღნიშნა სიბიჰამ.