აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები ხუთშაბათს, 15 იანვარს გამოაცხადა.
ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანელი ოფიციალური პირებისა და „ჩრდილოვანი საბანკო“ ქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომლებიც ვაშინგტონის თქმით, ირანში საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობასა და ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების გათეთრებაში არიან ჩართულნი.
უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განაცხადა, რომ შეზღუდვები ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე დაწესდა.
სანქციები მიმართულია როგორც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელი პირების, ასევე ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის ელიტას საერთაშორისო შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ირანელ ხალხს თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ სწრაფვაში. პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს ირანელი ხალხის სასტიკ რეპრესიებში ჩართულ ირანის მთავარ ლიდერებს.
სახაზინო დეპარტამენტი გამოიყენებს ყველა საჭირო საშუალებას, რათა დაისაჯოს ყველა, ვინც რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების ტირანული ჩახშობის უკან დგას“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა.
ახლად სანქცირებულ 18 პირს შორისაა ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი, რომელიც აშშ-ში პროტესტებზე ძალისმიერი რეაგირების ერთ-ერთ კოორდინატორად და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების მხარდამჭერად არის მიჩნეული.
სიაში ასევე შედიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დანაყოფებისა და სამართალდამცავი ორგანოების მეთაურები ლორესტანისა და ფარსის პროვინციებში, სადაც, ამერიკული მხარის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს.
ცალკეული სანქციები მიმართულია ფულის გათეთრების ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბანკებთან Bank Melli -თან და Shahr Bank-თან.
OFAC-ის მონაცემებით, ირანმა ნავთობისა და ნავთობქიმიური შემოსავლებიდან მილიარდობით დოლარის ოდენობის ფული გაათეთრა ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც იყენებდნენ ფიქტიურ კომპანიებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სინგაპურში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.
აშშ-ის თქმით, ამ თანხების ნაწილი ქვეყნის შიგნით რეპრესიების დასაფინანსებლად და საზღვარგარეთ ირანთან დაკავშირებული ჯგუფების მხარდასაჭერად გამოიყენებოდა.