Reuters წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ დიდი ბრიტანეთი კატარის ავიაბაზიდან თავისი სამხედრო პერსონალის ნაწილს გაიყვანს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მსგავსი ნაბიჯები გადადგა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, დიდი ბრიტანეთი ჯარების განლაგების დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის „ზომებს იღებს“ თავისი პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იღებს ზომებს ჩვენი პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მათ გაყვანასაც“, - განუცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს.
ეს ინფორმაცია გავრცელდა იმ ცნობების ფონზე, რომლის თანახმად შეერთებულმა შტატებმა „სიფრთხილის ზომების“ ფარგლებში კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზის დატოვების ბრძანება გასცა.
საჰაერო ბაზა შეიძლება ირანის თავდასხმის სამიზნე გახდეს, თუ აშშ თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ზომებს დაიწყებს, როგორც ეს გასული წლის ივნისში მოხდა.