ირანში დაღუპულთა რაოდენობა 12-დან 20 ათასამდეა. ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS News ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანში მყოფმა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ქვეყნის გარეთ დარეკვა შეძლო, CBS News-ს უთხრა, რომ აქტივისტური ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო უწყებებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დაღუპულთა რაოდენობის დადგენას ცდილობენ, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი მინიმუმ 12 ათასია და შესაძლოა 20 ათასსაც მიაღწიოს.
იგივე წყარომ აღნიშნა, რომ უშიშროების ძალები თეირანის მასშტაბით მრავალ კერძო საავადმყოფოს სტუმრობენ და პერსონალს ემუქრებიან, რომ პროტესტების დროს დაშავებულთა სახელები და მისამართები გადასცენ.
უკვე მე-17 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.
საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა.
ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი - გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს სტარლინკის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც.