უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განუცხადა.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით.
„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სისტემაში პროცესები განვითარდეს სწორი მიმართულებით და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესების ჯანსაღი მიმართულებით განვითარებას შევუწყოთ ხელი. ამას ემსახურებოდა ის სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი არ უნდა იყოს ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ეს პარტიები თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მთელი ამ წლების განმავლობაში ამოძრავებთ არაკონსტიტუციური მიზნები და როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან პოლიტიკურ სისტემას, უკვე გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის. უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ჩვენ გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე და საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ სწორედ ასეთი გამართული დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა პრემიერმა.