ნობელის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტებისა და ლაურეატის შერჩევაზე, აცხადებს, რომ შეუძლებელია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა და პრემიის ლაურეატმა მარია კორინა მაჩადომ თავისი ჯილდო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადასცეს. განცხადება ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტის ვებსაიტზე პარასკევს, 9 იანვარს, გამოქვეყნდა.
"ნორვეგიის ნობელის კომიტეტი და ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტი ნობელის მშვიდობის პრემიის მუდმივობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების მრავალრიცხოვან თხოვნებს იღებენ. ფაქტები ნათელია და კარგად არის ცნობილი. ნობელის პრემიის გამოცხადების შემდეგ მისი გაუქმება, გაყოფა ან სხვისთვის გადაცემა შეუძლებელია. გადაწყვეტილება საბოლოოა და სამუდამოდ ძალაში რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, მზად არის, ნობელის პრემია დონალდ ტრამპს გადასცეს.
"მე მსურს პირადად ვუთხრა მას, რომ ჩვენ, ვენესუელელ ხალხს, რადგან ეს ვენესუელელი ხალხის ჯილდოა, გვსურს, ეს ჯილდო გადავცეთ მას და მასთან ერთად გავიზიაროთ“, - განაცხადა მაჩადომ Fox News-ის ეთერში. „ის, რაც ტრამპმა გააკეთა, ისტორიულია. ეს დემოკრატიული ცვლილებებისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია“.
ჯილდოს მიღებიდან მალევე, მაჩადომ განაცხადა, რომ პრემიას დონალდ ტრამპს და ვენესუელელ ხალხს უძღვნის.
ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის სილია ფლორესის დაკავების შემდეგ, დონალდ ტრამპმა საჯაროდ უარყო მარია კორინა მაჩადოს ვენესუელის დროებით ლიდერად დანიშვნის იდეა. The Washington Post-ის ინფორმაციით, ეს განპირობებული იყო მაჩადოს უარით, ნობელის მშვიდობის პრემია ტრამპისთვის გადაეცა.
"თუ ის უარს იტყოდა ჯილდოზე და განაცხადებდა: „მე არ შემიძლია მისი მიღება, რადგან ის დონალდ ტრამპს ეკუთვის", ის დღეს ვენესუელის პრეზიდენტი იქნებოდა", - განაცხადა The Washington Post-ის წყარომ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად აცხადებს, რომ მას ეკუთვნის ნობელის მშვიდობის პრემია. 2025 წელს ნობელის მშვიდობის პრემია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა.