ნიკარაგუის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ათობით პატიმარს გაათავისუფლებს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის ლიდერზე, დანიელ ორტეგაზე ზეწოლა გააძლიერა. ამის შესახებ The Associated Press იუწყება.
ნიკარაგუაში აშშ-ის საელჩომ გუშინ განაცხადა, რომ ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლებით მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და დასძინა, რომ „ნიკარაგუაში 60-ზე მეტი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული ან დაკარგული, მათ შორის არიან პასტორები, რელიგიური ლიდერები, სნეულები და მოხუცები“.
AP აღნიშნავს, რომ უცნობია, ვინ გაათავისუფლეს ნიკარაგუაში და რა პირობებით.
ნიკარაგუის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, CADILH-ის აღმასრულებელმა მდივანმა, დენი რამირეს-აერდიზმა განაცხადა, რომ შაბათს გამოცხადებულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით მას არაერთმნიშვნელოვანი მოსაზრებები აქვს.
„ერთი მხრივ, მოხარული ვარ. ყველა პოლიტიკური პატიმარი წამებას რაიმე ფორმით ექვემდებარება.
მაგრამ, მეორე მხრივ, ვიცი, რომ ეს ადამიანები, მათი ოჯახების მსგავსად, კვლავაც იქნებიან პოლიციის მხრიდან შევიწროების, დევნისა და კონტროლის მსხვერპლნი,“ - განაცხადა უფლებადამცველმა.
რამირეს-აერდისმა განაცხადა, რომ პატიმრების გათავისუფლება პასუხია ზეწოლაზე, რომელსაც შეერთებული შტატები ახორციელებენ.
„რეჟიმში, რა თქმა უნდა, დიდი შიშია, რომ აშშ-ს შეუძლია მისი სრულად განადგურება“, - დასძინა მან.