ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მოუწოდა, რომ საკუთარი ქვეყნის საქმეებს მიხედოს.
„თუ შეუძლია, საკუთარი ქვეყნის მართვით დაკავდეს“, - განაცხადა ხამენეიმ ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით.
ირანის სულიერმა ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს ამპარტავანი უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპს „ხელები ირანელთა სისხლში აქვს გასვრილი“.
„რამდენიმე მეამბოხეა, რომლებსაც სურთ ტრამპი გაახარონ“, - განაცხადა ხამენეიმ ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ეთერში გამოსვლისას. ხამენეის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს „დაამხობენ“.
ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანში 12 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ გააკეთა. ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. გავრცელებული ცნობებით, საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა რაოდენობა 45 გაიზარდა. უსაფრთხოების ძალების მიერ მოკლულთა შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Iran Human Rights ავრცელებს. საერთაშორისო მედია წერს, რომ პროტესტი ირანში ხუთშაბათს გამწვავდა.
მასშტაბური პროტესტი ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტი. ირანის ქალაქ გორგანში, გოლესტანის პროვინციაში, პროტესტის მონაწილეებმა რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობა დაწვეს. პარალელურად, მასშტაბური აქცია მიმდინარეობს დედაქალაქ თეირანში.