უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის მიერ “ორეშნიკის” რაკეტის გამოყენება და განაცხადა, რომ რუსულმა დრონმა კატარის საელჩოს შენობა დააზიანა.
მისი განცხადებით, კიევსა და მიმდებარე რეგიონში რუსული მასიური დაბომბვის შედეგების აღმოფხვრა კვლავ მიმდინარეობს, მობილიზებულია ყველა საჭირო სამსახური. დაზიანდა ოცი საცხოვრებელი შენობა.
ზელენსკის თქმით, ლვოვის ოლქსა და სხვა რეგიონებში დარტყმების შედეგების აღმოფხვრა გრძელდება.
კიევში ამჟამად ოთხი გარდაცვალების ფაქტია ცნობილი. მათ შორის სასწრაფო დახმარების თანამშრომელია. ათობით ადამიანი დაშავებულია.
„ამ ღამეს სულ 242 დრონი გაუშვეს, 13 ბალისტიკური რაკეტა, კერძოდ, ენერგეტიკული ობიექტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ერთი საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ და 22 ფრთოსანი რაკეტა.
შეტევა ზუსტად მაშინ ხდება, როდესაც ძლიერი ყინვაა. მათი სამიზნე ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებააა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად ყველაფერი კეთდება მოსახლეობისთვის გათბობისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.
„ჩვენი ჩვეულებრივი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ობიექტების გარდა, რუსულმა დრონმა ღამით კატარის საელჩოს შენობა დააზიანა. სახელმწიფო, რომელიც ამდენ რამეს აკეთებს რუსეთთან შუამავლობისთვის, რათა უზრუნველყოს რუსეთის ციხეებში მყოფი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ასეთ თავდასხმებზე მსოფლიოს, პირველ რიგში კი შეერთებული შტატების მხრიდან, მკაფიო რეაგირებაა საჭირო.
„რუსეთმა უნდა მიიღოს სიგნალები, რომ მისი პასუხისმგებლობაა დიპლომატიაზე ფოკუსირება და შედეგების განცდა ყოველ ჯერზე, როდესაც ის მკვლელობებსა ინფრასტრუქტურის და განადგურებას უბრუნდება.
დღევანდელი დარტყმა ასევე ძლიერი შეხსენებაა ჩვენი ყველა პარტნიორისთვის, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია. არც ერთი დღე არ უნდა დაიკარგოს მიწოდებაში, წარმოებაში ან შეთანხმებებში. დღეს ჩვენ ყველა დონეზე ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს, თუ რა მოხდა და რა რეაგირების ზომები გვჭირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.