ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოდისეი ბიგვავა გამოეხმაურა საქართველოს საგარეპო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას თვითმიზნად არ განიხილავს“.
„ძირითადი აქცენტი კეთდება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაზე, უსაფრთხოების შენარჩუნებასა და დიპლომატიური კონტაქტების გაფართოებაზე, რომლებიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე. რუსეთის ფედერაციისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერა ხელს უწყობს აფხაზეთში სტაბილურობისა და განვითარების განმტკიცებას, მისი ხალხის ნების ჩანაცვლების გარეშე“, - განაცხადა ბიგვავამ,
ბიგვავამ ასევე აღნიშნა, რომ „არაღიარების პოლიტიკის“ შესახებ განცხადებებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და რეგიონში კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას არ უწყობს ხელს.
„ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ, ფრთხილად და პასუხისმგებლობით ვუპასუხოთ ნებისმიერ სიგნალს, რომელიც მიუთითებს რეგიონული პოლიტიკისადმი უფრო პრაგმატული და რეალისტური მიდგომისადმი მისწრაფებას. ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის იმ პირობით, რომ დაცული იქნება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ობიექტურად დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის აღიარების პრინციპები,“ - თქვა რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმედი გამოთქვა, რომ ეს მოვლენები ვენესუელას ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს.