აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ კუბას დიდი პრობლემები აქვს და აშშ კუბის რეჟიმის მხარდამჭერი არ არის. ამის შესახებ რუბიომ NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
რუბიომ მანამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის შეშფოთდებული იქნებოდა, ჰავანაში ოფიციალური პირი რომ ყოფილიყო.
NBC News-ის ეთერში რუბიომ კუბა კიდევ ერთხელ გააფრთხილა და თქვა, რომ მათ დიდ პრობლემები აქვთ.
„მე არ გეტყვით, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები და როგორი იქნება ჩვენი პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ არ მგონია, საიდუმლო იყოს, რომ ჩვენ კუბის რეჟიმის დიდი მხარდამჭერები არ ვართ, რომელიც, სხვათა შორის, მადუროს უჭერდა მხარს,“ - აღნიშნა რუბიომ.
შაბათს ტრამპმა კუბაში არსებული ვითარება ვენესუელის ვითარებას შეადარა და ჟურნალისტებს განუცხადა:
„ვფიქრობ, რომ კუბა ჩვენი შემდგომი განხილვების თემა იქნება, რადგან კუბა ამჟამად კრიზისის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, ძალიან სერიოზულ კრიზისში და ჩვენ გვსურს დავეხმაროთ მის ხალხს.“
კვირას რუბიომ დასძინა, რომ კუბელი ოფიციალური პირები ვენესუელაში მადუროსთან ერთად იმყოფებოდნენ მის დაკავებამდე.
„მადუროს კუბელები იცავდნენ. მას ვენესუელელი მცველები არ იცავდნენ. მას კუბელი მცველები ჰყავდა“, - თქვა რუბიომ.
შაბათ-კვირის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკრიტიკებდა კოლუმბიის პრეზიდენტს გუსტავო პეტროსა და მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს.
შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა კოლუმბიის ლიდერი კოკაინის საწარმოების ფლობაში დაადანაშაულა და თქვა „თავის თავს მიხედოს“.
შაბათს, Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შეინბაუმი ნარკოკარტელებს მექსიკაში მოქმედების უფლებას აძლევს და თქვა, რომ „მექსიკასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გაკეთდეს“.