უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჯარები განალაგოს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში.
ზელენსკიმ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ონლაინ -შეხვედრის დროს ისაუბრა.
ზელენსკიმ არ დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა ასეთი ნაბიჯის გადადგმისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი ინფორმაცია თავად ამერიკელებმა უნდა გააჟღერონ.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ამის დადასტურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია. ეს აშშ-ის ჯარია და სწორედ ამიტომ იღებს ამერიკა ასეთ გადაწყვეტილებებს“, - თქვა ზელენსკიმ.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ ასეთი შესაძლებლობა მართლაც განიხილება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას პრეზიდენტ ტრამპთან და კოალიციის (მსურველთა კოალიციის) წარმომადგენლებთან განვიხილავთ, ჩვენ ვისურვებდით ამას. ეს იქნებოდა ძლიერი პოზიცია უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით“, - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ან შეხების ხაზზე თავისი ჯარები გაგზავნოს. ტუსკმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მშვიდობა უკვე ჰორიზონტზეა და მისი მიღწევა რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი.