დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, გენერალ ვალერი ზალუჟნისთან დაკავშირებით, „არაფერი შეცვლილა“; ის თავის პოზიციაზე უკრაინის ინტერესების დაცვას აგრძელებს. ამის შესახებ ზალუჟნის მედიამრჩეველმა ოქსანა ტოროპმა უკრაინულ მედიას შეკითხვის პასუხად განუცხადა.
„როგორც ყოველთვის, ანონიმურმა წყაროებმა ყველაფერი იციან ზალუჟნისა და მისი გეგმების შესახებ. თუმცა არაფერი შეცვლილა. ის დიდ ბრიტანეთში ელჩის თანამდებობაზე უკრაინის ინტერესების დაცვას აგრძელებს“, - განაცხადა ოქსანა ტოროპმა.
მანამდე, რამდენიმე მედიასაშუალებამ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში ოთხ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზალუჟნი იანვრის დასაწყისში ლონდონში დიპლომატიური თანამდებობის დატოვებას აპირებდა.