რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში აგრძელებს დონბასის მთელი ტერიტორიის გადაცემის მოთხოვნას, რომლის ხელში ჩაგდებაც დღემდე ვერ შეძლო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 25 დეკემბერს პუტინმა სახელმწიფო საბჭოს ტრადიციული წინასაახალწლო სხდომა გამართა, რომელსაც კადრების მომზადების საკითხებზე უნდა ემსჯელა.
თუმცა ვლადიმირ პუტინმა ყველაზე მეტად შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან სამშვიდობო გეგმასთან» დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრა.
„მან [პუტინმა[ ილაპარაკა ანკორიჯში მიღწეულ შეთანხმებებზე, ამერიკული მხარის გეგმაზე და იმ პოზიციებზე, რომლებიც, შეიძლება ითქვას, იმ დროს იქნა შეთანხმებული. და რომ ამერიკელებმა ევროპელებთან მოლაპარაკებების შედეგად უკან დაიხიეს საკუთარი წინადადებებისგან. და რომ ეს სისუსტეა,“ - წერს გამოცემა.
„კომერსანტის“ ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ რუსული მხარე კვლავ მზადაა წავიდეს იმ დათმობებზე, რომლებიც მან მაშინ ანკორიჯში თავის თავზე აიღო.
„ითქვა, რომ „დონბასი ჩვენია“ დარომ „კრამატორსკ-კონსტანტინოვსკ-სლავიანსკის გზაჯვარედინის კუთვნილების საკითხი არ განიხილება. თუმცა, ასევე, რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ნაწილობრივი გაცვლაც არ არის გამორიცხული.“, - წერს გამოცემა.
გარდა ამისა, პუტინმა არ დამალა ის ფაქტი, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამერიკულ მხარესთან (და არა უკრაინულ მხარესთან) ერთობლივი მართვის საკითხი განიხილებოდა.
„მაგალითად, ამერიკელმა კოლეგებმა გამოთქვეს ინტერესი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მაინინგით დაკავების მიმართ. ამერიკული მხარის ინიციატივით ასევე განიხილება უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მას ჰკითხეს, შეეძლოთ თუ არა უკრაინელ სპეციალისტებს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა, რაზეც მან უპასუხა, რომ ისინი ახლაც იქ მუშაობდნენ, ისევე როგორც ადრე, მაგრამ ახლა რუსული პასპორტები ჰქონდათ“, - წერს გამოცემა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა ანკორიჯში უკრაინაში რაიმე შეთანხმების მიღწევის ან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების გარეშე დასრულდა, მიუხედავად „მნიშვნელოვანი პროგრესის“ შესახებ განცხადებებისა.