აშშ-მა ბელარუსულ კალიუმზე დაწესებული სანქციები მოხსნა, – ამის შესახებ ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აშშ-ის მიერ ბელარუსულ კალიუმზე (პოტაში) დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრისას გამოაცხადა.
მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკასა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც კოულმა განაცხადა, რომ აშშ ბელარუსულ კალიუმზე სანქციებს ხსნის.
„პრეზიდენტ ტრამპის მითითებების შესაბამისად, აშშ კალიუმზე სანქციებს ხსნის. ვფიქრობ, ეს აშშ-ის მხრიდან ბელარუსისთვის ძალიან კარგი ნაბიჯია“, – განაცხადა კოულმა.
მისი თქმით, ლუკაშენკოსთან უკრაინასა და რუსეთს შორის ომის და ვენესუელის საკითხიც განიხილა.
„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მომავალზე ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ სვლა აშშ-სა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. ეს ჩვენს მიზანს წარმოადგენს“, - აღნიშნა კოულმა.