აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა.
მისივე თქმით, ის მანამდე დაკავებულ ტანკერებს შორის ყველაზე დიდია.
„ჩვენ ახლახანს ვენესუელას სანაპიროსთან დიდი ტანკერი დავაკავეთ. სინამდვილეში, ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე დაგვიკავებია. ამას მოგვიანებით ნახავთ და ამაზე სხვა პირებთანაც ვისაუბრებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აღნიშნა, რომ დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
ერთი დღით ადრე, ტრამპმა ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დღეები დათვლილია“.
ცნობისთვის, Reuters--მა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა, რამაც ნავთობის ფასები გაზარდა, ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დაძაბულობა სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამწვავდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ომის დეპარტამენტის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა 14 ნოემბერს გამოაცხადა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, რომელიც, აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადებების თანახმად, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ არის მიმართული.
თუმცა, როგორც მედია წერს, სამხედრო ძალების, მათ შორის საჰაერო ძალების გადამზიდავი ჯგუფის უპრეცედენტო განლაგება და თეთრ სახლში ვენესუელაში სამხედრო ოპერაციების ვარიანტებთან დაკავშირებით წინასწარი განხილვები, შესაძლოა, სამხედრო ინტერვენციაზე მიუთითებდეს.