უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის უკრაინულ ვერსიაზე მუშაობა დასრულების ეტაპზეა და დოკუმენტი ამერიკულ მხარეს ძალიან მალე გადაეცემა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„დღევანდელი დღის წესრიგი მოიცავს ამერიკულ მხარესთან საუბარს დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც დეტალურად აღწერს უკრაინის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების პროცესს ომის შემდეგ.
პარალელურად, ჩვენ ვასრულებთ მუშაობას ფუნდამენტური დოკუმენტის 20 პუნქტზე, რომელიც შეიძლება განსაზღვრავდეს ომის დასრულების პარამეტრებს და ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან და ევროპაში პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობის შემდეგ, ამ დოკუმენტს შეერთებულ შტატებს გადავცემთ,“ - წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის და მისი პარტნიორები „ძალიან პროდუქტიულად“ მუშაობდნენ მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რუსული აგრესიის განმეორების თავიდან ასაცილებლად. მისი ცნობით, ხუთშაბათს „მსურველთა კოალიციასთან“ შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
მან დასძინა, რომ ამჟამად განხილვის პროცესში მთავარი საკითხებია, თუ როგორ აიძულონ რუსეთი, შეწყვიტოს მკვლელობები და რა შეაკავებს კონკრეტულად რუსეთს მესამე შეჭრისგან.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირამ შესაძლოა კარგი ამბები მოიტანოს „სისხლისღვრის დასრულების“ შესახებ.
„ჩვენ ყოველდღიურად, ფაქტობრივად 24/7 რეჟიმში ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს ყველა პარტნიორთან, რათა განვსაზღვროთ ომის დასრულების ქმედითი და რეალისტური ნაბიჯები. უკრაინისთვის ყველაფერი საიმედო და ღირსეული უნდა იყოს“, - წერს ზელენსკი.