ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ დროისთვის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან არ არსებობს ახალი შეფასებები, რომლებიც ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან ცვლილებებზე ან რუსეთის შესაძლო უპირატესობაზე მიუთითებს, როგორც ეს ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ამის შესახებ CNN იუწყება.
წყაროების თქმით, ისინი ვერ ხედავენ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ომში, შესაძლოა, სწრაფად გაიმარჯვონ.
უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ რუსები პროგრესს აღწევენ, თუმცა მისი თქმით, ეს „ფუნდამენტური ცვლილება არ არის იმასთან შედარებით, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა“.
დასავლელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ უკრაინაში არსებული ვითარება მძიმეა.
„უკრაინა თანდათანობით კარგავს თავის სტრატეგიულ პოზიციას აღმოსავლეთში, დანაკარგისა და თავდაცვითი პოზიციების შეზღუდვის გამო“, - განაცხადა აშშ-ის მაღალჩინოსანმა.
ამავდროულად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ CNN-თან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სიმართლე ისაა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლები მიიტაცა“.
„ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ომში გამარჯვება არ არის. ეს არ არის ის მიზნები, რომლისკენაც პუტინი და კრემლი ისწრაფვიან. მას სურს უკრაინისთვის სუვერენიტეტის წართმევა. მას სურს უკრაინის, როგორც ქვეყნის, დამორჩილება. სწორედ ამიტომ ვერ აღწევენ ისინი ამას ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.