უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უცხოური ვიზიტის ფარგლებში ორშაბათს საღამოს ბრიუსელში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ასევე ერთობლივ მოლაპარაკებებს გამართავს ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
„ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა ამჟამად უაღრესად მნიშვნელოვანია. მადლობელი ვარ, რომ ერთად მუშაობთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. შემდეგ მაკრონმა და მერცმა დატოვეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტი, ხოლო კირ სტარმერი და ვოლოდიმირ ზელენსკი ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის შენობაში დაბრუნდნენ. ბრიუსელის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტს სამშაბათს რომში ელოდებიან.