ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. სამიტის მთავარ თემებს შორის არის აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინისთვის, ასევე კიევის მხარდაჭერა. წერს The Guardian.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა. საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „მნიშვნელოვანი მომენტია ყველა მგრძნობიარე საკითხის განსახილველად“.
უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა ევროპის, უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთიანობის მნიშვნელობა.
„არსებობს გამოწვევები, რომელთა გადალახვაც უკრაინას დამოუკიდებლად არ შეუძლია. ქვეყანას როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას „ბევრი კოზირი აქვს“.
მისი თქმით, ევროპისა და შეერთებული შტატების დაახლოების გზის პოვნა აუცილებელია, რათა შეთანხმდნენ მშვიდობის მისაღწევად შემდგომ ქმედებებზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით, მომდევნო დღეები შესაძლოა, „გადამწყვეტი“ იყოს მთელი ევროპისთვის.
მან ახსენა აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივა და ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, რადგან „უკრაინის მომავალი - ევროპის მომავალია“.
მერცმა ასევე აღნიშნა თავისი სკეპტიციზმი აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ ზოგიერთი პუნქტის მიმართ. მისი თქმით, სწორედ ეს არის ის, რისი განხილვაც სურს სხვა ლიდერებთან.