მაიამიში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, ორი დღის განმავლობაში მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ანდრეი გნატოვს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ. შეხვედრის მიზნად დელეგაციები უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზაზე წინსვლას ასახელებენ.
„დღეს, ჯგუფმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეექვსე შეხვედრა გამართა. მდივანმა უმეროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის პრიორიტეტი ისეთი მოგვარებაა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას, უკრაინელების უსაფრთხოებას და წარმატებული დემოკრატიული მომავლისთვის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელები და უკრაინელები ასევე შეთანხმდნენ უსაფრთხოების მექანიზმების ჩარჩოზე და განიხილეს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭირო შეკავების შესაძლებლობები. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ნებისმიერი შეთანხმების მისაღწევად რეალური პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, გამოიჩინოს ნამდვილი ერთგულება გრძელვადიანი მშვიდობის მიმართ, მათ შორის დეესკალაციისა და მკვლელობების შეწყვეტისკენ ნაბიჯების გადადგმით.
ერთობლივი განცხადების თანახმად, „მხარეებმა ასევე ცალ-ცალკე განიხილეს მომავალი კეთილდღეობის დღის წესრიგი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის, აშშ-უკრაინის ერთობლივი ეკონომიკური ინიციატივებისა და გრძელვადიანი აღდგენის პროექტების მხარდაჭერას.“
ამერიკული და უკრაინული მხარეები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ომის დასრულება და ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ სანდო ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია აგრესიის განახლების თავიდან ასაცილებლად და უკრაინის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის გეგმის განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ერი ომამდელთან შედარებით უფრო ძლიერი გახდეს.“
განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები შაბათსაც გაგრძელდება.