უკრაინა შეერთებულ შტატებში შეხვედრებისთვის ემზადება. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და გენერალური შტაბის უფროსი ანდრიი გნატოვი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შეერთებულ შტატებში. მოსკოვიდან ამერიკული დელეგაციის დაბრუნებისა და ვაშინგტონში შესაბამისი კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, რუსტემ უმეროვი, ანდრიი გნატოვი და ყველა ის პირი, ვინც მოლაპარაკებებისთვის არის საჭირო, გააგრძელებენ საუბარს პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში.
მან აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრების, კონტაქტებისა და მოლაპარაკებების - პირადი შეხვედრების თუ სატელეფონო საუბრების - შესახებ სიახლეები უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ზელენსკის თქმით, ყველა პარტნიორს, პარტნიორებსა და უკრაინას შორის მუდმივი კონტაქტია.
„ყველაფერი საკმაოდ შედეგიანად მიმდინარეობს ახლა - ჟენევასა და ფლორიდაში გამართულ შეხვედრებზე უკრაინა გაიგონეს და მოუსმინეს. და ეს მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება. მხოლოდ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი ღირსეული მშვიდობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.