3 დეკემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს რუსეთის რამდენიმე სამხედრო ობიექტზე, მათ შორის ტამბოვის რეგიონში მდებარე ნავთობბაზა „დმიტრიევსკაიაზე, შავ ზღვაში მდებარე ტექნიკურ სადამკვირვებლო პუნქტსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმში, საკის აეროდრომზე განლაგებულ სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატზე.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ადსტურებს.
„რუსი აგრესორის შეტევითი პოტენციალის შემცირების ფარგლებში, 3 დეკემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზა „დმიტრიევსკაიას“ დარტყმა მიაყენეს. ობიექტი გამოიყენება რუსეთის საოკუპაციო არმიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. დაფიქსირდა სამიზნეზე დარტყმა, რასაც ობიექტზე ხანძარი მოჰყვა - მანამდე რამდენიმე ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. დარტყმების შედეგები დაზუსტდება“, - განაცხადეს გენშტაბში.
ანგარიშში ასევე ნახსენებია შავ ზღვაში საზღვაო პლატფორმაზე ტექნიკური სადამკვირვებლო პუნქტის განადგურება.
წინასწარი ინფორმაციით, განადგურდა ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატის ეკიპაჟი და დაზიანდა მცურავი საბურღი დანადგარის სადგური. დარტყმის სხვა შედეგები ჯერ კიდევ დგინდება.
გენერალურ შტაბში ასევე განაცხადეს, რომ დადასტურდა სამი „ორიონის“ ტიპის სადაზვერვო და მოიერიშე დრონი, რომელზეც დარტყმა 2025 წლის 27 ნოემბერს საკის აეროდრომზე (ნოვოფედოროვკა, ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორია) განხორციელდა.
ერთი ასეთი უპილოტო საფრენი აპარატის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული, ფრთების სიგრძე 16.3 მეტრია, ხოლო ჰაერში ფრენის ხანგრძლივობა 24 საათამდეა.
გარდა ამისა, დადასტურდა 2025 წლის 2 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის ორიოლის ოლქში „ლივნის“ ნავთობბაზის განადგურება, სადაც დრონის დარტყმის შემდეგ ორ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
გენშტაბი აღნიშნავს, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ ზომების მიღებას რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შესასუსტებლად და უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შეწყვეტის იძულებას.