ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის სრულ აკრძალვაზე 2027 წლის ბოლომდე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
ახალი რეგულაცია REPowerEU-ს სტრატეგიის მთავარი ელემენტი იქნება და დაასრულებს რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულებას, რომელსაც ევროკომისია „არასანდო და სახიფათოს“ უწოდებს.
„გადაწყვეტილია. ევროპა ერთხელ და სამუდამოდ კეტავს რუსული წიაღისეული საწვავის ონკანს. ენერგოდამოუკიდებლობა ახლა იწყება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიაში გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის „დაასრულებს ევროკავშირის დამოკიდებულებას არასანდო მიმწოდებელზე, რომელმაც არაერთხელ გამოიწვია ევროპის ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაცია, ენერგეტიკული შანტაჟის გზით მიწოდების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა და ევროპის ეკონომიკას ზიანი მიაყენა“.
აღნიშნულია, რომ დოკუმენტი REPowerEU-ის გეგმის ძირითადი ელემენტია, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ახალი წესები აწესებს იურიდიულად სავალდებულო, სრულ აკრძალვას რუსული გაზის იმპორტზე - როგორც თხევადი ბუნებრივი აირის, ასევე მილსადენებით გაზის იმპორტზე.
გრძელვადიანი მილსადენური გაზის კონტრაქტების საბოლოო აკრძალვა ძალაში შევა არაუგვიანეს 2027 წლის 1 ნოემბრისა. გრძელვადიანი თხევადი ბუნებრივი აირის ხელშეკრულებებისთვის შეზღუდვები ძალაში შევა 2027 წლის 1 იანვრიდან.