საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში კორუფციულ სკანდალზე კომენტარი გააკეთა.
გახმაურებული „მიდასის“ საქმის კომენტირებისას, მაკრონმა განაცხადა, რომ შესაბამისმა ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა თავიანთი საქმე შეასრულეს.
„არის კი ჩვენი მოვალეობა, გაკვეთილები ვასწავლოთ უკრაინას, რომელსაც ამ ტიპის სკანდალი აქვს? ვფიქრობ, თუ ყველაფერი მართლმსაჯულების ფარგლებში, სპეციალური პროცედურების ფარგლებში ხდება, მაშინ ყველაფერი კარგადაა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არცერთ საქმეს ვერ ნახავთ და ეს ყველას უნდა აშფოთებდეს“.
„[რუსეთში] არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი ორგანოები, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. თუ მთელი ფული ომში მიდის და არავინაა პასუხისმგებელი, მაშინ ეს სისტემა ასე ფუნქციონირებს.
სისტემა უკრაინაში განსხვავებულად მუშაობს. ის საფრანგეთში განსხვავებულად მუშაობს. და რუსეთში ნამდვილი დიქტატურა სუფევს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.