„ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა და სთხოვა ფანჯარასთან სანთელი აანთონ ყველა იმ ბავშვის, ქალისა და კაცის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც ხელოვნურ შიმშილობას შეეწირნენ.
„დღეს, 16:00 საათზე, ყველგან, სადაც უკრაინელები არიან, ფანჯრებთან ხსოვნის სანთლები აინთება.კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნის მილიონობით მტკიცებულება აჩვენებს, რომ უკრაინელებს არ დავიწყებიათ ჰოლოდომორის მიერ მოკლული მილიონობით ადამიანი და არასდროს აპატიებენ მოსკოვს ამ გენოციდს“, - დაწერა მან Telegram-არხზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ყველამ ვიცით, როგორ და რატომ დაიღუპა, შიმშილით მილიონობით ჩვენი ადამიანი, მილიონობით ადამიანი არ დაბადებულა. და კიდევ თავს ვიცავთ რუსეთისგან, რომელიც არ შეცვლილა და კვლავ სიკვდილი მოაქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი ჩვენ თავდაცვაში, ისევე როგორც ერთიანი ვართ ჩვენი ეროვნული მეხსიერების შენარჩუნებაში. მარადიული ხსოვნა "ჰოლოდომორის" გენოციდის ყველა მსხვერპლს. დღეს, 16:00 საათზე, სადაც არ უნდა იყოთ - უკრაინაში თუ საზღვარგარეთ - აანთეთ სანთელი თქვენს ფანჯარასთან ყველა იმ ბავშვის, ქალისა და კაცის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც ხელოვნური შიმშილის შედეგად დაიღუპნენ. ჩვენ ვიცავდით, ვიცავთ და ყოველთვის დავიცავთ უკრაინას. რადგან ის ჩვენი სახლია. და ჩვენს სახლში რუსეთი ნამდვილად ვერ იქნება ბატონ-პატრონი,“- წერს ზელენსკი