უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარასკევს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან სატელეფონო საუბრის დროს ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ამშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“.
ზელენსკის ცნობით, ვენსთან მის ერთსაათიან საუბარში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება.
„ჩვენ მოვასწარით ომის დასრულების აშშ-ის წინადადების მრავალი დეტალის განხილვა და ვცდილობთ, რომ წინსვლის გზა ღირსეული და ნამდვილად ეფექტური გავხადოთ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ მადლიერია „ყურადღებისა და ჩვენთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მზადყოფნისთვის“.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ამერიკასთან და ევროპასთან მრჩევლების დონეზე, რათა მშვიდობისკენ მიმავალი გზა შესაძლებელი გავხადოთ, უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავაც პატივს სცემს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილს, შეწყვიტოს სისხლისღვრა და ჩვენ ყველა რეალისტურ წინადადებას დადებითად ვუყურებთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნოთ მუდმივი კონტაქტი და ჩვენი გუნდები მზად არიან 24 საათის განმავლობაში იმუშაონ“, - თქვა ზელენსკიმ.