აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობგიგანტების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უკვე ამცირებს რუსეთის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს და, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსული ნავთობის გაყიდვების მოცულობის შემცირებას გამოიწვევს. ამის შესახებ Reuters იუწყება
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა განაცხადა, რომ 22 ოქტომბერს გამოცხადებული სანქციების საწყისი ზემოქმედების ანალიზმა აჩვენა, რომ მათ აქვთ სასურველი ეფექტი რუსეთის შემოსავლების შემცირების მხრივ, რაც რუსულ ნავთობზე ფასის დაწევამ გამოიწვია და შესაბამისად შემცირდა რუსეთის შესაძლებლობები დააფინანსოს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები.
OFAC-ის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსული ნავთობის რამდენიმე ძირითადი სახეობა წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ფასებში იყიდებოდა და აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის თითქმის ათეულმა მსხვილმა ინდოელმა და ჩინელმა მყიდველმა გამოაცხადა, რომ დეკემბრის მიწოდებისთვის რუსული ნავთობის შესყიდვების შეჩერებას გეგმავს.
LSEG Workspace-ის ორშაბათის მონაცემებმა აჩვენა, რომ ნოვოროსიისკში დატვირთული Urals-ის ნავთობის საორიენტაციო ფასი 12 ნოემბერს ბარელზე 45.35 აშშ დოლარი იყო, რაც 2023 წლის მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აშშ-ის სანქციების მიხედვით, „როსნეფტთან“ და „ლუკოილთან“ თანამშრომლობის შეწყვეტის ბოლო ვადად კომპანიებს 21 ნოემბერი დაუწესდათ.
დამრღვევებს დოლარზე დაფუძნებული ფინანსური სისტემიდან გათიშვა ემუქრებათ.
რუსული ნავთობის ორი უმსხვილესი მყიდველი ჩინეთი და ინდოეთია.