ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] სამი დეპუტატი რუსეთის ქალაქ სოჭში, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სამიტზე „ბრიქსი - ევროპა“ დასასწრებად ჩავიდა.
ამის შესახებ პარასკევს Facebook-ზე ერთ-ერთმა მათგანმა, საქსონიის ფედერალურ მიწაზე AfD-ის ოფისის ხელმძღვანელმა, იორგ ურბანმა დაწერა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს მიხედვით ირკვევა, რომ მასთან ერთად სოჭში ბუნდესთაგის კიდევ ორი დეპუტატი - შტეფენ კოტრე და ჰანს ნოიჰოფი იმყოფება.
თუმცა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა მხოლოდ ერთი გერმანელი პარლამენტარის - შტეფენ კოტრეს - ვიზიტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ულტრამემარჯვენე გერმანულმა ჟურნალმა Compact -მა15 ნოემბერს დაწერა, რომ კოტრემ სიმპოზიუმის წინაშე გამოსვლისას მკვეთრად გააკრიტიკა გერმანიის ენერგეტიკული პოლიტიკა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის მიუხედავად, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები ინარჩუნებენ კონტაქტებს მოსკოვთან და აკრიტიკებენ გერმანიის მხრიდან კიევისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას, ასევე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს. ამასთან, პარტია, რომელსაც გერმანიის საშინაო სადაზვერვო უწყება აფასებს, როგორც დემოკრატიისთვის საფრთხეს, უარყოფს რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდებებს.
პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრების რუსეთში ვიზიტი სრულდება იმ ფონზე, როდესაც სხვა პარტიებიდან რამდენიმე გერმანელმა პოლიტიკოსმა გამოთქვა შეშფოთება, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, შესაძლოა, მოსკოვს სენსიტიურ ინფორმაციას აწვდიდეს.