მოსკოვის სასამართლომ რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლ ქართველს, გურამ ბერუაშვილს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
„მოსკოვის პროკურატურის სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, 48 წლის ქართველ დაქირავებულ მებრძოლ გურამ ბერუაშვილს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა, საიდანაც პირველი რვა წელი ციხეში, ხოლო დარჩენილი დრო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს“, - ნათქვამია მოსკოვის პროკურატურის განცხადებაში.
რუსული სამთავრობო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ იგი დამნაშავედ ცნეს შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული პირის მონაწილეობის, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კონტრაბანდის, ტერორისტული თავდასხმის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის უკანონო გადაზიდვის, ტარების, შენახვის მუხლებით.
ხაზგასმულია, რომ საქმე სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის სტანდარტული პროცედურის შესაბამისად, ძებნილი ბრალდებულის დაუსწრებლად.
რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წელს ბერუაშვილი უკრაინაში ჩავიდა, 2024 წლის აგვისტოში, კი ის, კალაშნიკოვის ავტომატითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული, კურსკის ოლქში შევიდა.