დანიის მთავრობა და საპარლამენტო კომიტეტი უკრაინისთვის 1.4 მილიარდი დანიური კრონის (217 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ, 28-ე პაკეტის დეტალებზე შეთანხმდნენ.
აღნიშნულია, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით დაფინანსებას ე.წ. „დანიური მოდელისთვის“ (იარაღის წარმოება უკრაინაში) 100 მილიონი კრონის ოდენობით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დანია PURL ინიციატივისთვის - უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად - 370 მილიონ კრონზე მეტს გამოყოფს და საწვავისთვის - 80 მილიონ კრონს, რომელიც ნატო-ს მხარდაჭერისა და მომარაგების სააგენტოს მეშვეობით იქნება შეძენილი.
„ამ დახმარების პაკეტით, ჩვენ უკრაინას უახლოეს თვეებში გადამწყვეტი საბრძოლო შესაძლებლობების ფართო სპექტრს მივაწვდით დანიური მოდელისა და PURL-ის ინიციატივის [უკრაინისთვის პრიორიტეტული საჭიროებების სია] გამოყენებით“, - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა.
დანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინა, 27-ე პაკეტის, დაახლოებით 2.6 მილიარდი დანიური კრონის (407 მილიონი დოლარის) ოდენობის შესახებ სექტემბერში გამოაცხადა.
ბოლო პაკეტის გათვალისწინებით, დანიამ 2022 წლიდან უკრაინას დაახლოებით 71 მილიარდი კრონის დახმარება გამოუყო, აღნიშნული შედის უკვე გადაცემული, ასევე სამომავლოდ დაგგემილი დახმარების პაკეტი.