არ ვაპირებ სახელმწიფო სტრუქტურაში გავაგრძელო საქმიანობა, სახელმწიფო უწყებებში 20 წელი ვიმუშავე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თაბანდებობიდან ახლახაბ გათავისუფლებულმა ირაკლი ხმალაძემ "ტვ პირველს" სატელეფონო ინტერვიუს დროს განუცხადა.
მისი თქმით, წამოსვლამდე კომუნიკაცია ჰქონდა "ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრთან და საქმის კურსში ჩააყენა კახა კალაძე, რომელთანაც ხმალაძემ 7 წელი იმუშავა.
"არ ვაპირებ სახელმწიფო სტრუქტურაში გავაგრძელო საქმიანობა, სახელმწიფო უწყებებში 20 წელი ვიმუშავე, აქიდან ბევრი წელი მაღალ თანამდებობებს ვიკავებდი. ჩემი სურვილია, კერძო სტრუქტურაში გავაგრძელო საქმიანობა"- თქვა ხმალაძემ.
მისივე მტკიცებით, გამოძიებას არ დაუკითხავს და ვერც ხედავს მიზეზს მისი საქმიანობით შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ.
"არასდროს დავიკითხივართ, გამოძიებას კითხვები ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით აქამდე არ ჰქონია - ამას თამამად გეუბნებით. დეკლარაციასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ მას ყიველ წელს ანტიკორუფციული ამოწმებდა. უზუსტობის გამო დავჯარიმებულვარ, თუმცა არ მქონია დეკლარაციის დროს ისეთი დარღვევები, რომ ეს კითხვების დასმის საფუძველი გამხდარიყო"- განაცხადა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
ამასთან, ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ ქვეყანა არ დაუტოვებია, თუმცა საზღვრის კვეთის შეზღუდვა არ აქვს:
"საქართველოში ვარ, შემიძლია გავიდე, ქვეყნიდან გასვლას არავინ მიშლის. ჩემთან მიმართებაში კითხვები არ არის"- აღნიშნა მან.