უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ირწმუნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებას მიაღწია რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე, აშშ-ის სანქციებისგან უნგრეთის განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლების შესახებ.
ორშაბათს, 10 ნოემბერს, ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-მა და უნგრეთმა „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დაასრულეს“.
„ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ტრამპთან ნავთობზე აშშ-ის სანქციებისგან უნგრეთის განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლებაზე. ვიდრე ის პრეზიდენტია და მე პრემიერ-მინისტრი, სანქციები არ იქნება“, - თქვა მან.
ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთისთვის „ფსონები უფრო მაღალი ვერ იქნება“.
„რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ძალაში შესვლა უნგრეთში შობამდე კომუნალური გადასახადების ორ-სამჯერ გაზრდას და ბენზინის ფასების „ათასი პროცენტით“ ზრდას გამოიწვევდა. ეს ნამდვილი კატასტროფაა“, - თქვა მან.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანამ „ამ საფრთხის თავიდან აცილება მოახერხა“.
„ეს უნგრულ ოჯახებს საშუალებას მისცემს, შობა ისე გაატარონ, როგორც სურთ“, - დასძინა მან.
უნგრეთმა შაბათს, 8 ნოემბერს, განაცხადა, რომ მან რუსული ნავთობისა და გაზის გამოყენებასთან დაკავშირებით აშშ-ის სანქციებისგან განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლდა, თუმცა თეთრი სახლი აცხადებს, რომ გათავისუფლება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაშია ძალაში.