ბოლო წლების განმავლობაში ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან რაც კი მოგვისმენია და გაგვიგია, მხოლოდ ცრუ ბრალდებები, თავდასხმებია, რათა საქართველოში როგორღაც ხელისუფლება დააზიანონ, აირიოს მდგომარეობა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანს გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე დაუსვეს შეკითხვა, რომლის გამოქვეყნებაც ხვალისთვის არის დაგეგმილი.
„სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატიამ ტრენდი დაამკვიდრა, რომ მათ მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები ფაქტებისა და სისწორის მცირე ელემენტებისგანაც სრულად დაცლილია. ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით რეალური შეფასების მოლოდინი ვერ გვექნება. ბოლო წლების განმავლობაში ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან რაც კი მოგვისმენია და გაგვიგია, მხოლოდ ცრუ ბრალდებები, თავდასხმებია, რათა საქართველოში როგორღაც ხელისუფლება დააზიანონ, აირიოს მდგომარეობა, მათი მარიონეტები მოვიდნენ და ის გეგმები, პოლიტიკა განახორციელონ, რომელიც გარედან რიგ დაჯგუფებებს სურთ. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაზე კარგი განმსაზღვრელი თავად ქართველი ხალხია, რომელიც საკუთარი თვალით ხედავს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესს. მათ შორის იმ პროგრესს, რომელიც დიდწილად ასოცირების შეთანხმების, კანდიდატის სტატუსის თუ ჩვენ მიერ სხვადასხვა გავლილი ეტაპის შედეგად იყო დამდგარი.
რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმ უსამართლობას ხედავს, რომელიც, სამწუხაროდ, პარტნიორებისგან მოედინება. პარტნიორებზე როცა ვსაუბრობთ, არ შეიძლება, რიგი ბიუროკრატები, პოლიტიკოსები გაიგივდნენ, ვინც ამ შეტევებს დასავლეთთან ახორციელებენ. რა თქმა უნდა, დასავლეთი, ფართო გაგებით, სამართლიანობაზე, თანამშრომლობასა და ქვეყნების სუვერენიტეტზე დაფუძნებული სივრცეა. სწორედ ევროკავშირი იყო ჩვენთვის მიზნობრივი ოჯახი, სადაც გაერთიანება იმიტომ გვინდოდა, რომ ჩვენს ინდივიდუალიზმს, სუვერენიტეტს სპეციალურ პატივს მიაგებდნენ. ამ შემთხვევაში ვხედავთ ჩვენს სუვერენიტეტზე, ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებებსა და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე შეტევებს, თავდასხმებს, რაც ალბათ ხვალინდელ განცხადებაშიც საკმაოდ ნათლად გამოჩნდება. უკვე ყავლი გაუვიდა იმ დაშინებასაც, რომ ქართველებს, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია გაუუქმონ და, გარკვეულწილად, ამან თავისი ძალა დაკარგა, რადგან არჩევანი უკვე გაკეთებულია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.