უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერის დმიტრო პლეტენჩუკის განცხადებით, ტუაფსეს პორტზე დარტყმის დროს, ნავთობის ჩატვირთვის პლატფორმებზე რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის სულ მცირე სამი გემი იმყოფებოდა. მისი თქმით, ამ გემების მფლობელებმა შეგნებულად აიღეს თავიანთ თავზე რუსეთის პორტებში შესვლასთან დაკავშირებული რისკები.
„ინფორმაცია ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია, რადგან სხვადასხვა წყარო განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ინციდენტის დროს ნავთობის ჩატვირთვის პლატფორმებზე სულ მცირე სამი შესაბამისი გემი იმყოფებოდა“, - თქვა მან.
მისი თქმით, ეს გემები „პირობითად ჩრდილოვანია“, თუმცა თითოეულ გემს ჰყავს მფლობელი, რომელიც ექსპერტებმა უკვე გამოავლინეს.
„ეს პორტები რუსებისთვის დიდი მნიშვნელობისაა ენერგორესურსების უცხოურ ბაზრებზე გადაზიდვის თვალსაზრისით - მანამდე მათზე რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 20% მოდიოდა“, - აღნიშნა პლეტენჩუკმა.
მან აღნიშნა, რომ გემებმა, რომლებიც სანქციებს გვერდის ავლით ნავთობის ოპერაციებისთვის რუსეთის პორტებში შედიოდნენ, შეგნებულად „აიღეს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია იმ ლოკაციებზე ჩატვირთვასთან, რომლებიც, ფაქტობრივად, უკრაინისთვის სრულიად ლეგალური სამიზნეებია“.
2 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში დრონის დარტყმის დროს, „როსნეფტის“ ტუაფსეს საზღვაო ნავთობტერმინალზე თავდასხმა განხორციელდა.