უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქები პოკროვსკი და მირნოგრადი ალყაში მოქცეული და ბლოკირებული არ არის. მისი თქმით, პოკროვსკში მიმდინარეობს მტრის განადგურებისა და განდევნის ყოვლისმომცველი ოპერაცია, რომელშიც სხვა უწყებებთან ერთად მონაწილეობენ სპეციალური ოპერაციების ძალები, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და უკრაინის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.
„პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციაში ჩვენი ჯარისკაცები აკავებენ მრავალათასიანი მტრის ძალის ზეწოლას, რომელიც აგრძელებს საცხოვრებელ რაიონებში შეღწევისა და ჩვენი მომარაგების ხაზების გადაკეტვის მცდელობას. თუმცა, ქალაქების ალყაში მიქცევა ან ბლოკადა არ ხდება; ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ლოჯისტიკის უზრუნველსაყოფად. პოკროვსკიდან მტრის ძალების განადგურებისა და განდევნის ყოვლისმომცველი ოპერაცია გრძელდება. ძირითადი ტვირთი უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებსა და თავდასხმის დანაყოფებს აკისრიათ.
ასევე, ჩემი ბრძანებით, ქალაქში მუშაობენ სპეციალური ოპერაციების ძალების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფების, მათ შორის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ერთობლივი ჯგუფები“, - წერს სირსკი. სოციალურ ქსელში.
სირსკის თქმით, პოკროვსკში მტერი ყველაზე მძიმე ფასს იხდის კრემლის დიქტატორის ბრძანების შესრულების მცდელობისთვის, რომელიც უკრაინის დონბასის ოკუპაციას ითვალისწინებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ დობროპოლიის ტერიტორიის გათავისუფლებას და გაწმენდას. პოკროვსკს - ვაკავებთ. ვაკავებთ მირნოგრადს“, - აღნიშნა მთავარსარდალმა.
მისივე თქმით, არსებულ რთულ პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია დანაყოფებს შორის ეფექტური ურთიერთქმედება და დაკისრებული ამოცანების კოორდინირებული შესრულება.
„აგლომერაციის თავდაცვას მხარს დაუჭერს დამატებითი დანაყოფები, იარაღი და აღჭურვილობა, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატები და დრონები“, - თქვა მან.
სირსკიმ ასევე გამოაქვეყნა ფოტო პოკროვსკის მიმართულებიდაბ, რომელზეც მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ჩანს.