უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სანქციები რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ შეცდომაა. ამის შესახებ ორბანმა La Reppubblica-თან ინტერვიუში განაცხადა.
ორბანმა განაცხადა, რომ მალე ვაშინგტონში ჩავა, რათა დონალდ ტრამპთან ერთად რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების საკითხი განიხილოს.
„ჩვენ ვფიქრობთ, თუ როგორ შევქმნათ მდგრადი სისტემა ჩემი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან უნგრეთი ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე. მათ გარეშე, ენერგორესურსების ფასები მკვეთრად გაიზრდება, რაც ჩვენი რეზერვების დეფიციტს გამოიწვევს“, - თქვა ორბანმა.
შეკითხვაზე, „ძალიან შორს წავიდა და შეცდომა დაუშვა თუ არა ტრამპმა“, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „უნგრეთის თვალსაზრისით, დიახ. ამიტომ, ჩვენ ვეცდებით გამოსავლის პოვნას, განსაკუთრებით უნგრეთისთვის.“
შეგახსენებთ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი აშშ-ში გაემგზავრება, რათა დონალდ ტრამპთან რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების საკითხი პირადად განიხილოს.
ცნობისათვის, ნატო-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უნგრეთისგან რუსულ ნავთობსა და გაზზე უარს მოელის.