უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეფასებით, რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ აშშ-ის ახალმა სანქციებმა შესაძლოა რუსეთის ნავთობის ექსპორტი 50%-ით შეამციროს, რაც რუსეთისთვის ყოველთვიურად 5 მილიარდ დოლარამდე შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს.
მან იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება „ახალი მეორადი სანქციები“ და „კონგრესის პარალელური ნაბიჯები“.
ამავდროულად, ის მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დათმობს, თუ შეერთებული შტატები ზეწოლას არ გააძლიერებს.
ამასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
„ვფიქრობ, ყველაზე გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ინდოეთისა და ჩინეთის მიერ რუსეთისგან ენერგორესურსების, პირველ რიგში, ნავთობის, შესყიდვის შეწყვეტა.
პრეზიდენტი ტრამპი შეშფოთებულია ესკალაციით. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ თუ მოლაპარაკებები არ შედგება, ესკალაცია მაინც მოხდება. მე მჯერა, რომ თუ პუტინი არ შეჩერდება, ჩვენ გვჭირდება ისეთი რამ, რაც მის შესაჩერებლად გამოდგება. სანქციები ერთ-ერთი ასეთი იარაღია, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება შორი მოქმედების რაკეტები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თეთრ სახლში ტრამპთან მისი ბოლო შეხვედრის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, კიევისთვის Tomahawk-ის ტიპისშორი მოქმედების რაკეტების მიწოდებაზეც ისაუბრეს.
მან მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული“ უწოდა, თუმცა აღიარა, რომ ეს ადვილი არ იყო.
ამავდროულად, უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ მის არმიას დაუყოვნებლივ არ დასჭირდება რაკეტების გამოყენება, რომელთა მიწოდებაც აშშ-ს შეუძლია, რადგან ვლადიმირ პუტინი „მოლაპარაკებებს დათანხმდება“, როდესაც მიხვდება, რომ მათზე უარის თქმა „რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებულ პრობლემებს“ ემუქრება.
ჩვენ მხოლოდ Tomahawk-ებზე არ ვსაუბრობთ. აშშ-ში ბევრი მსგავსი რამ არის, რომელთა შესწავლას დიდი დრო არ სჭირდება. ვფიქრობ, პუტინთან მუშაობა მხოლოდ ზეწოლის გზით არის შესაძლებელი“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.