ლუვრში დაცული საგანძურიდან რამდენიმე ფასდაუდებელი ექსპონატი დროებით საფრანგეთის ბანკის (Banque de France) საცავში გადაიტანეს. იტყობინება რადიო RTL.
მედიის ცნობით, ეს აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ლუვრში ქურდობის შედეგად, რამდენიმე ძვირფასი ნივთი მოიპარეს. ექსპონატები მანამდე დარჩება ბანკის საცავში, ვიდრე მუზეუმის სრული უსაფრთხოება არ დადასტურდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის საცავში გადატანილ ნივთებს შორისაა მთავარი გამოფენიდან რამდენიმე სამეფო რეგალია და სამკაული.
საფრანგეთის ბანკის მთავარი საცავი 26 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და მასში ინახება ქვეყნის ოქროს რეზერვების დაახლოებით 90%. საცავი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება. ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერები, რომელთა ღირებულება 600 მლნ ევროს აჭარბებს, უწინ სწორედ ამ საცავში ინახებოდა.
19 ოქტომბერს ლუვრში 4 ქურდი შეიპარა. მათ იმპერიული კოლექციიდან 9 ექსპონატი მოიპარეს, მათ შორის იმპერატორ ნაპოლეონისა და მისი მეუღლის, ჟოზეფინას სამკაულები. მოპარული ნივთების ღირებულება 88 მილიონ ევროდ არის შეფასებული. დამნაშავეები ჯერ არ არიან იდენტიფიცირებულნი.