აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკების დასრულების შესახებ განაცხადა.
მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა რეკლამას, რომელშიც გამოყენებულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი, რომელიც ტარიფებზე უარყოფითად საუბრობს.
„რონალდ რეიგანის ფონდმა ახლახან გამოაცხადა, რომ კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამები, სადაც რონალდ რეიგანი უარყოფითად საუბრობს ტარიფებზე“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტარიფები „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. მან ოტავას ქმედებებს „აღმაშფოთებელი“ უწოდა.
ოქტომბერში ონტარიოში 75 მილიონი დოლარის ღირებულების რეკლამის გამოშვება იგეგმებოდა. მასში გამოყენებულია რეიგანის 1987 წლის ტარიფებთან დაკავშირებული გამოსვლის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის ამბობს, რომ ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში არაეფექტურია.
ზაფხულში ტრამპმა კანადისთვის ტარიფები 25%-დან 35%-მდე გაზარდა. მან ეს ნარკოტიკული საშუალების, ფენტანილის, კონტრაბანდას და ოტავას მიერ გატარებულ საპასუხო ზომებს მიაწერა. გადაწყვეტილება არ შეეხო იმ საქონელს, რომელიც აშშ-სა და კანადას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით არის გათვალისწინებული.