მადაგასკარში სამხედროებმა განაცხადეს, რომ ძალაუფლება სამხედრო საბჭოს გადაეცა, რომელშიც შედიან არმიის, ჟანდარმერიისა და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მადაგასკარის პრეზიდენტი ანდრი რაჯოელინა საზღვარგარეთ გაიქცა.
„ჩვენ ძალაუფლება ხელში ავიღეთ“, - განაცხადა პოლკოვნიკმა მაიკლ რანდრიანინამ 14 ოქტომბერს ეროვნული რადიოს ეთერში.
ქვეყანაში კონსტიტუციის მომქედება შეჩერებულია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მადაგასკარის პარლამენტის ქვედა პალატის (ეროვნული ასამბლეის) გარდა, დაიშალა.
ძალაუფლების სამხედროების ხელში გადაცემის შესახებ განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დეპუტატებმა რაჯოელინას ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მისცეს ხმა.
სამხედრო საბჭოში ასევე შედიან ელიტური CAPSAT-ის დანაყოფის წევრები, რომელმაც ანდრი რაჯუელინას 2009 წლის გადატრიალების დროს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადაგასკარის პრეზიდენტმა ანდრი რაჯოელინამ არეულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყანა დატოვა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
25 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო დემონსტრაციები დაიწყო, თუმცა გამოსვლები სწრაფად გადაიზარდა აჯანყებაში, რომელიც უფრო ფართო საკითხებს, მათ შორის კორუფციას, ცუდ მმართველობასა და ძირითადი მომსახურების ნაკლებობას ეხებოდა.